ეკონომიკური და საკანონმდებლო ცვლილებები: მიწასთან დაკავშირებული პრაქტიკებისა და მორალის სიმრავლე დუშეთის სოფლებში
საკვანძო სიტყვები:
მიწა, მორალის სიმრავლე (moralities), სამართლებრივი პლურალიზმი პრივატიზაცია, საძოვარი, დუშეთიანოტაცია
დუშეთის რაიონის სოფლები საძოვრების შემცირებისა და დაკარგვის საერთო პრობლემის წინაშე დგანან. სოფლების მცხოვრებლები ყიდიან პირუტყვს, რის შედეგადაც ადგილობრივი პირუტყვის რაოდენობა სამჯერ შემცირდა. მწყემსებისა და ძროხების ხილვა ახლად აშენებული ინფრასტუქტურის სიახლოვეს, წარმავალ ხედად იქცა იქ, სადაც ოდესღაც სოფლების კუთვნილი საძოვრები იყო. ჩემს საკვლევ საკითხს წარმოადგენს ეკონომიკური და სამართლებრივი ცვლილებების გავლენის შესწავლა ადგილობრივ ეკონომიკურ პრაქტიკებსა და მორალის სისტემებზე. განსაკუთრებით კი მაინტერესებს მიწასთან დაკავშირებული პრაქტიკები და მორალის სიმრავლე. ცვლილებების ფონზე გაჩნდა ახალი ცნებები და იდეები მიწის შესახებ; მიწა პრივატიზებული და გასაქონლებული გახდა; თუმცა, წინა მიდგომებს არსებობა არ შეუწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ ძველი და ახალი ცნებები მიწის შესახებ შეიძლება
ურთიერთგამომრიცხავი იყოს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი შეიძლება თანაარსებობდნენ. წინამდებარე კვლევაში განვიხილავ მიწას სამართლებრივი პლურალიზმის პერსპექტივიდან ანთროპოლოგიური გაგებით. სამართლებრივი პლურალიზმი არის ანალიტიკური კონცეფცია იმ სიტუაციებისთვის, როდესაც ადამიანებს, თავიანთი ურთიერთქმედებისას, შეუძლიათ რამდენიმე სამართლებრივი სისტემით ხელმძღვანელობა. კვლევა, უმთავრესად, ეფუძნება ეთნოგრაფიულ მეთოდებს, დაკვირვებებსა და საუბრებს დუშეთის სოფლების მკვიდრ მოსახლეობასთან.